ბაღების ისტორია

ბაღი ხელოვნების ნიმუშია, მას ასევე განიხილავენ ისტორიის საგანგებო წყაროდ. ბაღი ცივილიზაციის გარიჟრაჟზე ადამიანის ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლისას წარმოიშვა. ბაღის თავდაპირველი დანიშნულება იყო საცხოვრებელთან სასარგებლო მცენარეების მოყვანა, თუმცა კულტურის განვითარების კვალობაზე, თანდათან ნარგავებს მოხდენილ სახეს აძლევდნენ. დღეისთვის კი ბაღებს ადამიანის ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა ეკისრება.

პირველი ბაღები, რომლებიც უტილიტარულ მიზანს არ ემსახურებოდნენ და სასიამოვნო სანახაობას წარმოადგენდნენ, გაჩნდა ძველ აღმოსავლეთში, სადაც ბაღი კლიმატური პირობების გამო დიდ როლს ასრულებდა. ბრწყინვალე ტროპიკული მცენარეების წყალობით ბაღმა ხელოვნების ისეთი უმდიდრესი მასალა მიაწოდა, რომ მან უნებლიედ დაიმსახურა აღმოსავლეთის ხალხთა სიმპათიები და მათი ცხოვრების განუყრელ ნაილად იქცა. ბაღის გარეშე წარმოუდგენელია ღმოსავლური პოეზია. აღმოსავლურ საბაღო სისტემაში ორ სტილს გამოყოფენ: არიულს და სემიტურს.

არიული წარმოშობის ენერგიული და მებრძოლი ხალხი, აწყობდნენ უზარმაზარ ბაღებს და პარკებს, სადაც ზოგჯერ ცხოველებსაც ათავისუფლებდნენ და ამ შემთხვევაში ისინი სანადიროდაც გამოიყენებდნენ, ნადირობა კი ძველად მხოლოდ გასართობი ღონისძიება არ იყო, იგი ერთგვარ სამხედრო და სალაშქრო წრვთნასაც წარმოადგენდა. “ცხოველთა ბაღები” – “პარადიზები” ბუნებრივ ტყედ აღიქმებოდა, რომლის შექმნისთვის და შენარჩუნებისთვის წყალი საკმაოდ შორი მანძილიდან გამოჰყავდათ.

სემიტური წარმოშობის ხალხი, რომელთაც კარჩაკეტილი ცხოვრებისკენ ჰქონდათ მიდრეკილება. ისინი სახლებთან აწყობდნენ მაღალი კლდით შემოღობილ პატარა ბაღებს, სადაც ისინი არამარტო ულამაზეს მცენარეებს და ყვავილებს, არამედ ხელოვნების ნაწარმოებებსაც ათავსებდნენ. სემიტური ტიპის უძველესი ბაღის ყველაზე გრანდიოზული ნიმუშს წარმოადგენდა სემირამიდას კიდული ბაღები, რომელიც  ქრისტეს შობამდე მეცხრე საუკუნეში ასურეთის დედოფლის შამურატის (ბერძნულად სემირამიდას) სურვილით ბაბილონში იქნა აგებული და რომელიც ძველმა ბერძნებმა მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთად აღიარეს. ძველმა ბერძნებმა შეცდომით მიაწერეს ამ ბაღის აგება სემირამიდას. მეცნიერების მიერ მიკვლეული მასალებით “ბაბილონის კიდული ბაღები” ნაბუქოდოსონორ II-ის  ბრძანებით ქრისტეს შობამდე VI საუკუნეში მიდიის მეფის ასულის დედოფალ  ამიტას პატივსაცემად გაუშენებიათ. მიუხედავად ამისა ტრადიციისამებრ ამ ბაღებს სემირამიდას ბაღებს უწოდებენ .სემიტების განსაკუთრებული სიყვარული შეიმჩნევა წყლისადმი, ბაღში, ტბორების, შადრევნების, კასკადების და ა.შ სახით.

კლასიკურად არის მიჩნეული ძველი საბერძნეთის და რომის საბაღო სტილი. თავდაპირველად ელადის ბაღები ხილისა და ბოსტნეული მცენარეების ნაკრებს წარმოადგენდა, მაგრამ თანდათან ნარგავთა მოწყობისას ესთეტიკური მხარე სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ძველ ათენში საზოგადოებრივი ბაღებიც არსებობდა.

რომაელებში მხატვრული ბაღები გაჩნდა ბერძნებთან მჭიდრო ურთიერთობის შემდეგ. რომისთვის დამახასიათებელი იყო ტერასული ბაღები, მცენარეებისგან გაკეთებული ქანდაკებები. რომაული ბაღები ელინისტურ ტრადიციებს აგრძელებდა. რომაულმა კლასიკურმა საბაღო სისტემა უმაღლეს განვითარებას მიაღწია იმპერატორ ნერონის ეპოქაში. კლასიკური საბაღო სისტემა დასავლეთ რომის იმპერიის დაცემამდე არსებობდა. მას ბოლო მოუღო ხალხთა დიდმა გადასახლებამ და ბარბაროსულმა შემოსევებმა.

 

Leave a comment